Запись - ეჭვი

ეჭვი

მზიანი, სასიამოვნო ამინდი არასოდეს გრძელდება იმდენ ხანს რომ მოსაყირჭებელი გახდეს.
არც სიმშვიდეა ხოლმე საამო როდესაც დროში გაურკვეველი ვადით იწელება და რაღაცის დასასრულს მზერაშეყინული ელი.
ულამაზეს ბაღში დამპალ სკამზე მჯდარს ასევე უხმოდ, უჩუმრად და უგრძნობად ზურგზე ამოგაცოცდება ეჭვის მატლი. იქამდე არ შეწყვეტს სვლას სანამ გულამდე არ მიაღწევს და მისი სლიკინა კანით ყოველ სარქველს არ მოსვრის.
ეჭვი მაშინვე შეყრის საავდროდ ღრუბლებს.
გადაფარავს მზის საამოდ მცხუნვარე სხივებს.
ღრუბლებს ქარსაც მოაყოლებს და ქარიშხალი აგიწეწავს თმას.
გაგყინავს…
საყოველთაოდ გამეფებული აზრი გამართლდება.
შენი სიმშვიდე ნამდვილად ავისმომასწავლებელ ელჩად გადაიქცევა – იმ სიავის, რომელიც შენში დიდი ხანია ბუდობს და გამოსაღწევად მყიფე ნიადაგს ყოველ წამს სინჯავს.
ეჭვი შენს გულში ისეირნებს.
შენ კი ვერც გაიგებ ისე დაუმეგობრდები მას. იგი მარტივად მოთაფლავს შენს გულს. მერე კი მისი ტკბილი მარწუხები ნელ-ნელა, სიამოვნებით შეგიკრავენ ხელ-ფეხს. სიხარულისაგან კიდევ უფრო გასუქდება ეჭვის მატლი, როდესაც წამიერად შენს შეკავებულ სუნთქვას შენიშნავს.
ჰაერი რომ არ გეყოფა სახეზე წამოწითლდები.
ლოყებს სიმხურვალე აგიწვავს.
თვალის გუგები გაგიფართოვდება. გულის ცემა გაგიხშირდება.
კუნთები კრთომას დაგიწყებს და კიდურები ისე დაგიმძიმდება რომ მათი ზიდვისთვის ძალა არ გეყოფა, მაშინ გენდომება რომ წაიქცე, მაგრამ ამასაც ვერ შეძლებ. ძალაგამოცლილს სიხარულისაგან აკანკალებული ეჭვი არ მოგცემს ძირს დანარცხების საშუალებას და თუ მაინც გაუძალიანდი, თავის მეგობარსაც დაიხმარს ხელიდან რომ არ დაუსხლტდე.
კარგად რომ გაკონტროლოს.
ან ნაადრევად რომ არ შემოაკვდე…
მერე კი იხმობს ბრაზს, რომელიც ყურებიდან შეგიძვრება და ტვინის ყოველ ნაწილს ლაღად მოირბენს. ნახევარსფეროებს შორის მოკალათდება და ისე სწრაფად გაიზრდება რომ შუბლზე მთელი ძალით მოგაწვება თავისი გრძელი ფეხებით.
ისევ საშინლად დაიქუხებს ცაში.
სადღაც მეხი გავარდება და შენც შემცბარი სწრაფად დამუშტავ ხელებს. ფეხის ტერფები ისე გაგიხურდება რომ დამაპალი სკამიდან წამოვარდები. თავსხმა წვიმის წვეთებს დიდი ხის ქვეშ შეაფარებ თავს და გაიფიქრებ, რომ ეჭვმა საბოლოოდ დაგტოვა მასზე ძლიერ მეტოქესთან მარტო. არადა ის ხომ დაიმეგიბრე და შენთან დაიგულე?
მასაც, როგორც სხვებსაც ის გაუზიარე რაც გიყვარდა.
რაც ძვირფასი იყო.
რაც გაცოცხლებდა.
მერე გაგახსენდება რომ მან ყველა შენს ფერს თავისი ჩრდილი დააფინა და დაისაკუთრა.
საბოლოოდ ეჭვი გულის გარსს შიგნიდან გამოგიჭამს.
მკერდზე რომ დაიხედავ ნათლად დაინახავ სისხლით სავსე მკერდს, რომელიც სადაცაა გასკდება. გაგიკვირდება როგორ ვერ იგრძენი გულის გახლეჩვით გამოწვეული ტკივილი.
გაგიკვირდება რატომ ვერ გრძნობ ახლა ზიზღს და რატომ არ გერევა გული შენს პარაზიტებით სავსე სხეულზე.
მერე კიდევ ერთი აზრი შეგჭამს – ცეცხლოვან ლავად ქცეული ბრაზის გარეთ გამოდევნის იდეა შეგიპყრობს, ვეღარ აიტან შინაგან წვას- ისეთს წვიმის წვეთებიც რომ ვერ ანეიტრალებს.
ვერ შეეგუები საკუთარ უყურადღებობას ამ უკონტროლო მდგომარეობაში რომ ჩაგაგდო.
შენივე თავის მიმართ განცდილი ბრაზი კიდევ ერთხელ აალებს ეჭვისაგან მოუნელებელ შენს სხეულს, რომლის მმართველიც მოსიყვარულე, მაგრამ სულელი აღმოჩნდა.
რომ შეგეძლოს ბრაზისაგან დამუშტულ ხელებს ყელზე წაიჭერდი, ან დანას ჩაიცემდი სისხლით ავსებულ, გამკვრივებულ მკერდში, სადაც უკვე დამსკდარი, მაგრამ ეჭვით ამოძრავებული გული გეგულება.
რომ შეგეძლოს…
ძალა რომ გქონდეს ნამდვილად იზამდი…
თუმცა ახლა შენი უძლურება ცალ ხელში ეჭვს და ცალ ხელში ბრაზს უპყრია…
კომენტარები 0
ჯერ არ არის კომენტარები
უკაცრავად, კომენტარს ვერ გააკეთებთ
ყველა ჩანაწერებში გადასვლა
რეკლამა

LoV.Ge
სოციალური სეტი